საიტის ძებნა

Lokomat Robotic Walking System

სიარულის უნარის ნაწილობრივ ან მთლიანად დაკარგვის შემთხვევაში, ამ უნარის აღმდგენ რობოტულ სისტემას - lokomat-ი ჰქვია.

რას ნიშნავს რობოტის დახმარებით სიარულის მკურნალობა?

რობოტის დახმარებით სიარულის თერაპია გამოიყენება ისეთი დაავადებების მკურნალობისას, როგორიცაა ინსულტი, ზურგის ტვინის დაზიანება, თავის ტვინის დაზიანების მსგავსი ნევროლოგიური პრობლემები ან მენჯ-ბარძაყის პროტეზი, მუხლის წინა ჯვარედინი იოგის დაზიანების მსგავსი დაავადება ანუ ორთოპედიული მიზეზებით გამოწვეული სიარულის უნარის დაკარგვა. ავადმყოფისთვის ამ უნარის თავიდან შეძენის ან სიარულის გამოსწორების მიზნით, რობოტული აპარატის დახმარებით მკურნალობა - ფიზიკური თერაპიის ერთ-ერთი ფორმაა.

რამდენი ხანია, რაც მსოფლიოში გამოიყენება Lokomat რობოტით მკურნალობა?

რობოტის დახმარებით სიარულის მკურნალობა პირველად 1995 წელს დაიწყეს. 2002 წელს FDA-ს (ა.შ.შ პროდუქტისა და წამლის სააგენტო) მიერ ნებართვის გაცემის შემდეგ, Lokomat რობოტით მკურნალობა მთელ მსოფლიოში გავრცელდა.

როგორ მუშაობს რობოტი?

Lokomat რობოტის პროცედურა ორი ძირითადი ნაწილისგან შედგება. პირველ ეტაპზე, ფიზიოთერაპიის ასისტენტების დახმარებით, პაციენტი მოსიარულე ბილიკზე დგება და რობოტის ქამრების საშუალებით, სპეციალურ საკიდზე ფეხებით მაგრდება. პაციენტის წინასწარ დადგენილი წონა, საკიდისა და რობოტის დახმარებით, თანდათან, გარკვეულ კოეფიციენტამდე მცირდება. წონის შემცირების მაჩვენებელი პაციენტის მოძრაობის უნარზეა დამოკიდებული. სხეულის წონისა და რობოტის მხრიდან მხარდაჭერის თანაფარდობის განსაზღვრის შემდეგ, მოწყობილობა სიარულში პაციენტისა და რობოტის წვლილს აფასებს და იწყებს მუშაობას.

მეორე ნაწილი მოიცავს რობოტული მოტორის კომპიუტერულ კონტროლს. რობოტის ნაწილები ბარძაყისა და მუხლის სახსრებზე, ქამრების საშუალებით მონტაჟდება. მოძრაობის დაწყებისას, პაციენტის ფეხები ბუნებრივი სიარულის მსგავს მოძრაობას ასრულებენ. ამ დროს რობოტზე განლაგებული ელექტრონული სისტემები სხეულის მოძრაობის დონეს აფიქსირებენ და კომპიუტერულ პროგრამას გადასცემენ. კომპიუტერში არსებული გრაფიკული მონაცემების მეშვეობით განისაზღვრება, თუ რომელ ეტაპსა და რა დონეზე აქვს პაციენტს სიარულის პრობლემა. რობოტი პაციენტს ბუნებრივი სიარულის მსგავს მოძრაობებს ასრულებინებს. ამ დროს ხორციელდება ფეხის სახსრების მუდმივი კონტროლი. თუ პაციენტი სწორ მოძრაობებს ასრულებს, რობოტი არ ერევა, მაგრამ როგორც კი სიარულის შაბლონი ირღვევა, Lokomat რობოტი მაშინვე იწყებს მოქმედებას. სახსრებზე მიმაგრებული ელექტრონული სისტემები მუმივად აკონტროლებენ, რამდენად თავსებადია ურთიერთქმედება პაციენტსა და რობოტს შორის.

როგორ ეხმარება Lokomat რობოტი პაციენტს, სიარულის სწავლისას?

სიარულის უნარდაკარგული ავადმყოფებისთვის ამ უნარის ხელახლა შეძენასა და უმოძრაობასთან დაკავშირებული პრობლემების აღმოფხვრაში, უდიდესი მნიშვნელობა აქვს პაციენტის მაქსიმალურად ადრეულ ეტაპზე ფეხზე წამოდგომას. ინსულტისა და ზურგის ტვინის დაზიანების მსგავს ნევროლოგიურ დაავადებებთან დაკავშირებული სიარულის დარღვევების დროს, ტვინიდან წამოსული სიგნალები კუნთებამდე ვერ აღწევენ. ორთოპედიული დარღვევებისას კი, კუნთები ტვინიდან წამოსულ სიგნალებს ვერ პასუხობენ.

Lokomat რობოტით შესრულებული უწყვეტი სიარულის იმიტაციური მოძრაობები, თავისა და ზურგის ტვინის თანადროულ მუშაობას, ტვინიდან წამოსული დაავადებით დაზიანებული სიგნალების ნაკადის აღდგენას და ამ სიგნალების გადაცემას უწყობენ ხელს. თავისა და ზურგის ტვინის დაავადების დროს, Lokomat რობოტით მკურნალობა ხელს უწყობს, ზურგის ტვინსა და ფეხის კუნთებს შორის არსებული რეფლექსების თავიდან წარმოშობას, სიარულის უნარის აღდგენას. კერძოდ კი, ნერვული დაბოლოებების გაღვიძებით, ხდება ზურგის ტვინისთვის სიარულის პროცესის სრული შაბლონის შეხსენება, დასაწყისიდან ბოლომდე. Lokomat რობოტით მკურნალობისას ფეხებიდან წამოსული სენსორული სიგნალები, ვიზუალურ აღქმასთან ერთად, ტვინს ეხმარებიან რეორგანიზაციასა და ადაპტაციაში. რობოტის დახმარებით, სიარულის უნარის უზრუნველმყოფი, თავის ტვინის დაზიანებული უჯრედების ფუნქციებს უკვე სხვა, ახალი უჯრედები სწავლობენ.

რა არის რობოტული თერაპიის სხვა უპირატესობები?

Lokomat-ის სისტემა საწოლზე მიჯაჭვულ და უმოძრაო ავადმყოფს კუნთების თავიდან გაძლიერებასა და ფეხებში სისხლის მიმოქცევის აღდგენაში ეხმარება. სიარულის უნარაღდგენილი ავადმყოფის მოძლიერებული კუნთები, ოსტეოპოროზისა და აქედან გამომდინარე მოტეხილობების რისკებსაც ამცირებს. პაციენტის საწოლიდან ადრეული წამოყენება უმოძარაობასთან დაკავშირებული - ნაწოლების წარმოქმნის, ათეროსკლეროზის, სახსრების საერთო შეზღუდულობის მსგავსი პრობლემების აღმოფხვრასაც უწყობს ხელს.

ვის შეუძლია ისარგებლოს Lokomat რობოტის მკურნალობით?

მკურნალობის ძირითადი მიზანი უმოძრაო ავადმყოფებისთვის სიარულის უნარის დაბრუნება ან მოსიარულე ავადმყოფებისთვის სიარულის ხარისხის გაუმჯობესებაა. აქედან გამომდინარე, Lokomat -ით მკურნალობისთვის რეკომენდირებულია, უმეტესად, შემდეგი დაავადებათა ჯგუფები:

  • ინსულტი (თავის ტვინის დამბლა)
  • კისრის და წელის ზონაში ზურგის ტვინის დაზიანება
  • თავის ტვინის დაზიანება
  • ცერებრალური დამბლა (ცერებრალური დამბლა ბავშვებში)
  • პარკინსონის დაავადება
  • გაფანტული სკლეროზი
  • მენჯ-სახსრის პროტეზის ოპერაციის შემდგომი პერიოდი
  • მუხლის წინა და უკანა ჯვარედინი იოგების დაზიანებები და პოსტოპერაციული პერიოდი

როგორ ვმკურნალობთ პაციენტს?

სხვა სახის ფიზიკური თერაპიით მკურნალობის მსგავსად, რობოტულ პროგრამაში ჩასმამდე, პაციენტის საერთო მდგომარეობის შესწავლის შემდეგ, მიიღება გადაწყვეტილება მკურნალობის დაგეგმვისა და მისი ხანგრძლივობის შესახებ.